D E M O C R A C Y   I N D E X

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის მოსმენის მთელი პროცესი იყო ნაჩქარევი
2020-03-17
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის მოსმენის მთელი პროცესი იყო ნაჩქარევი და ზედაპირული. ისეთ ვითარებაში, როცა ქვეყანაში და გლობალურად კორონავირუსი მძვინვარებს და სახელმწიფოს თუ საზოგადოების მთელი ყურადღება მიმართულია ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებებზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სულ რაღაც 2 დღეში დაასრულა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის კონსტიტუციასა და კანონთან შესაბამისობის დადგენა, კანდიდატის კომიტეტზე მოსმენა და მისი მხარდაჭერის გადაწყვეტილებაც მიიღო. საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე დღესვე იგეგმება. მნიშვნელოვანი საკითხის ნაჩქარევად განხილვის საფუძველი მით უფრო არ არსებობს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა 2018 წლის აგვისტოდან არის ვაკანტური.
 
შედეგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა მოსამართლე ნინო ქადაგიძეს. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა კანდიდატს უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული იმ 14 მოსამართლიდან, რომელთა მოსამართლის თანამდებობაზე არჩევა უპრეცედენტოდ მკაცრად და ერთხმად იყო გაკრიტიკებული, როგორც არჩევის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების, ისე არჩეული კანდიდატების კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების ნაკლებობის გამო.
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანდიდატის მოსმენის საჯაროობას აზრი დაუკარგა იმ ფაქტმა, რომ კანდიდატი შერჩევით პასუხობდა დასმულ კითხვებს. კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების კრიტიკულ კითხვებს აჯგუფებდა საკუთარი გემოვნებით და ცალ-ცალკე და პირდაპირ არ პასუხობდა მათ. ამასთან, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კანდიდატისთვის მწვავე კითხვები არ დაუსვამთ.
კანდიდატის საკომიტეტო მოსმენა წარიმართა მინიმალური ჩართულობის პირობებში და ტოვებდა პროცედურის მხოლოდ ფორმალურად ჩატარების შთაბეჭდილებას. კერძოდ:
  • მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ რეგლამენტით გათვალისწინებულ სუბიექტებს, თავად საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდა სამუშაო ჯგუფის წევრი არცერთი საპარლამენტო სუბიექტი, გარდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა.
  • სხდომას არ ესწრებოდნენ თავად სამუშაო ჯგუფში ჩართული აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც;
  • მედიისთვის დაწესებული უკანასკნელი შეზღუდვების გამო საკომიტეტო მოსმენას ვერ დაესწრნენ, ასევე, მედიის წარმომადგენლებიც. შესაბამისად, სატელევიზიო ეთერებით სხდომის გაშუქება მაქსიმალურად იყო შეზღუდული;
  • სხდომას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციათა 2 წარმომადგენელი, რომელთა კითხვების უმეტესობას კანდიდატმა არ უპასუხა;
  • ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საზოგადოების ონლაინ ჩართულობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ მოწოდება მხოლოდ ერთხელ სხდომის დაწყებისას გააკეთა, რაც აისახა აქტივობაზეც. არცერთი კითხვა, შენიშვნა ან კომენტარი არ დაფიქსირებულა ონლაინ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მნიშვნელოვანი ფიგურაა მთლიანად სასამართლო ხელისუფლებისთვის. ის წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლებას როგორც საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასამართლოს რეპუტაციასა და მის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ნინო ქადაგიძის კანდიდატურის ირგვლივ არსებული კითხვები და ეჭვები დამაზიანებელი იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მის მიმართ ნდობის თვალსაზრისით.
 
მოვუწოდებთ პარლამენტს:
 
გაითვალისწინოს ნინო ქადაგიძის მოსამართლედ დანიშვნის მიმართ არსებული უმწვავესი კრიტიკა, მისი წარსული სამოსამართლო საქმიანობის მიმართ არსებული ეჭვები, კომიტეტის მიერ მისი კანდიდატურის ნაჩქარევი და ზედაპირული განხილვა და მხარი არ დაუჭიროს ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის საკითხს.