D E M O C R A C Y   I N D E X

დამოუკიდებელი ინსტიტუტების შესუსტება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს
2021-12-29

საპარლამენტო უმრავლესობის მიზანმიმართული თავდასხმა დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე ძირს უთხრის ყველა იმ რეფორმასა და წინ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელდა. პარლამენტში უკიდურესად შეზღუდულ ვადებში განიხილება და მტკიცდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომელითაც ხელისუფლება აუქმებს ან ცდილობს მართვადი გახადოს დამოუკიდებელი ორგანოები, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სასამართლო, რომელთა არსებობის მიზანია ხელისუფლების უკანონო და თვითნებური ქმედებების კონტროლი.  

დახურულ კარს მიღმა, ყოველგვარი კონსულტაციებისა და საჯარო განხილვების გარეშე უმრავლესობის წევრი დეპუტატების მიერ მომზადებული ინიციატივების შედეგად:

  • უქმდება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მოთხოვნის შედეგად, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად შექმნილი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ინსპექტორის სამსახური მთავრობისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა, რომელიც იძიებს პოლიციელების  და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს;[1]
  • გაუქმდა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით მიღწეული ცვლილება და ვენეციის კომისიის მოწოდების საწინააღმდეგოდ, უმრავლესობას კვლავ მიეცა შესაძლებლობა მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერით აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე;[2]
  • მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინარული წარმოების ახალი წესებით სუსტდება ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა და ძლიერდება სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი. ხელისუფლება უარს ამბობს მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. „ ტალღებით“ მიღწეულ შედეგებზე და ამ გზით ცდილობს შეუქმნას კლანს ყველა პირობა მოსამართლეთა მიმართ რეპრესიების გასატარებლად;[3]
  • პოლიტიზირებული პროცესის ფონზე ერთპარტიულად დაკომპლექტდა უზენაესი სასამართლო.[4]მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სტრატეგიული მოკავშირეების უმწვავესი კრიტიკისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევით, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების მწვავე კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, აგრძელებს უზენაესი სასამართლოს უკანასკნელი, 28-ე წევრის კანდიდატურის განხილვას.

ხაზგასასმელია, რომ პარლამენტის ბიურომ ყოვლად დაუსაბუთებლად მიიღო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება. პარლამენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მავნე პრაქტიკას და შეზღუდულ ვადებში, სათანადო ჩართულობის და გამჭვირვალობის გარეშე განიხილავს დემოკრატიული პროცესებისთვის მაღალი მნიშვნელობის საკითხს, რაც ხელს უშლის საკითხის გარშემო სრულყოფილ მსჯელობას და ფიქციად აქცევს საზოგადოების მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.

ერთი პარტიის ხელში ყველა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს თავმოყრის გარდა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების შესუსტება გარდაუვლად გამოიწვევს დემოკრატიული პროცესების ეროზიას, შეამცირებს ქვეყანაში ადამიანის თავისუფლებათა დაცვის სტანდარტს და კიდევ დააშორებს ქვეყანას ევროპის კავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას უარი თქვას დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასუსტებისთვის ინიცირებული კანონპროექტების მიღებაზე და კონსტრუქციულ რეჟიმში, პოლიტიკურ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მხარი დაუჭიროს დემოკრატიზაციის პროცესს.

 

[1] არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით,https://bit.ly/3pu3EoK [27.12.2021]

[2] დამატებით იხ. ორგანიზაციის განცხადება: „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, პარლამენტის წევრებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებას, https://bit.ly/3pxq4Ws [27.12.2021]

[3] ინტერპრესნიუსი, მოსამართლეთა მიმართ ახალი დისციპლინური სახდელები შემოდის, https://bit.ly/3mBJSGa  [ 27.12.2021]

[4] დამატებით იხ. ორგანიზაციის განცხადება: „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, პარლამენტმა უარი უნდა თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაზე, https://bit.ly/3syEur6 [27.12.2021]