D E M O C R A C Y   I N D E X

შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითება დემონსტრანტებისადმი სისხლისსამართლებრივ სანქციებზე უკანონოა
2021-11-15

შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში[1] იკვეთება უწყების მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა და მიმართულია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შემცირებისაკენ. შესაძლო სისხლისსამართლებრივ დევნაზე მითითება წარმოადგენს კანონმდებლობასთან შეუსაბამო განმარტებას და გამიზნულია პროტესტის მონაწილეებზე ზემოქმედებისკენ, თავი შეიკავონ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისაგან.

შსს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-11მუხლების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ამასთან შსს მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულზე და აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ყველაზე მძიმე სანქციაზე - თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლი ცალსახად ადგენს, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ და არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს კანონმდებლობა ადგენს გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალ სტანდარტს. შესაბამისად, „შეკრებისა და მანიფესტაციების“ კანონის მოთხოვნების დარღვევასთან პასუხისმგებლობის ადმინისტრაციულიდან სისხლის კანონმდებლობაში გადატანის თვითნებური მცდელობა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - შემცირდეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

სამინისტროს მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულზე მითითება წარმოადგენს არა მხოლოდ კანონის არასწორ განმარტებას, არამედ მიმართულია პროტესტის მონაწილეთა მიმართ ზეწოლაზე, რათა შესაძლო მაღალი სანქციის შიშით, სამოქალაქო საზოგადოებამ არ ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით.

„პოლიციის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით პოლიცია საკუთარ საქმიანობაში განუხრელად უნდა იცავდეს პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს. იმ ფონზე, როდესაც სამინისტრო უხეშად ერევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ პროტესტის ჩატარებაში და მათ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს თვითნებურად უმცირებს, შეუძლებელია პოლიციის მხრიდან პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე საუბარი.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა.

 

 

[1] შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვებ.გვერდი https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/15038  [15.11.2021]