D E M O C R A C Y   I N D E X

გიორგი გაჩეჩილაძის საკანონმდებლო წინადადება მედიის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად
2021-11-05

გიორგი გაჩეჩილაძე საკანონმდებლო წინადადებით ითხოვს შეიზღუდოს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის გზით.[1]

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცილისწამების და შეურაცხყოფის საკითხების შემოტანა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისდაცვის მაღალ სტანდარტს და სახელმწიფოს აძლევს მედიის თავისუფლებაში არასათანადო ჩარევის შესაძლებლობას, შემდეგი გარემოებების გამო:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცილისწამებისა და შეურაცხყოფის საკითხების შეტანა გულისხმობს სამოქალაქო სამართლებრივი სივრციდან ადმინისტრაციულ სამართლებრივ სივრცეში დავის გადატანას, სადაც ერთ-ერთ მოდავე მხარედ სახელმწიფო ორგანო გაჩნდება. მოქმედიკანონმდებლობით, ყველას აქვს შესაძლებლობა სამოქალაქო კოდექსითა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვით, დაიცვას თავი ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან კერძო პირებს შორის დავის ფარგლებში. აღნიშნული წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო წესით უნდა გადაწყდეს დასახელებული ტიპის დავები.
  2. წინადადების გაზიარების შემთხვევაში, ცილისწამებასთან და შეურაცხყოფასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა პარალელურად კვლავ შესაძლებელი იქნება სამოქალაქო წესით. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მექანიზმების მსგავსი სახით დუბლირება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან.[2]

მოვუწოდებთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს არ გაიზიაროს გიორგი გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

[1] პარლამენტის ვებ. გვერდი https://info.parliament.ge/#law-drafting/22950 [04.11.2021]

[2] Declaration of the Committee of Ministers on the Desirability of International Standards dealing with Forum Shopping in respect of Defamation, “Libel Tourism”, to Ensure Freedom of Expression, par.5-10 2012. https://bit.ly/3mEOYBP [04.11.2021]