D E M O C R A C Y   I N D E X

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მოსამართლეთა კონფერენციას ეხმიანება
2021-11-01

31 ოქტომბერს გაიმართა მოსამართლეთა კონფერენცია, რომელზეც არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი წევრი.

კონფერენცია გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც საზოგადოების მთელი ყურადღება ამ პოლიტიკურ მოვლენაზე იყო  კონცენტრირებული. მსგავსად წინა შემთხვევებისა, ამ კონფერენციის გამართვამდეც საზოგადოებისთვის არ ყოფილა ცნობილი ინფორმაცია სავარაუდო კანდიდატების შესახებ. მოსამართლეთა მიერ ასეთ დროს და ასეთი ფორმით იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა არაერთხელ გამხდარა შიდა თუ საერთაშორის საზოგადოების რეაგირების საგანი.

ამჯერად, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი კიდევ უფრო შორს წავიდა და იუსტიციის საბჭოს წევრთა ვაკანსიების არარსებობის პირობებში დააყენა ახალი წევრების არჩევის საკითხი. 

მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ, რის შედეგადაც საბჭოს ორმა წევრმა თეა ლეონიძემ და თამარ ონიანმა მიმართა კონფერენციას იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის განცხადებით. მნიშვნელოვანია, რომ მათ არ აუხსნიათ თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველი. ორი ქალის მიერ ერთდროულად  მაღალი თანამდებობის გაურკვეველი მიზეზით დატოვება საბჭოში, სადაც ყოველთვის კაცი წევრები დომინირებდნენ, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და საეჭვოს ხდის მათ მიერ ნამდვილი ნების გამოხატვას.

მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უალტერნატივო არჩევნებში, მხარი დაუჭირა საბჭოს წევრებად გიორგი გოგინაშვილის და პაატა სილაგაძის არჩევას. ორივე მოსამართლე არის კლანთან მჭიდროდ დაახლოებული პირი.

გიორგი გოგინაშვილი - საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხის სააპელაციო სასამართლოში განმხილველი მოსამართლე, რომლის სასამართლოს გავლენიან მოსამართლეებთან კავშირების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.[1] ამასთან, გიორგი გოგინაშვილი 5 ოქტომბრამდე იკავებდა მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის თანამდებობას.[2]

პაატა სილაგაძე - მოსამართლე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი 2018 წელს პარლამენტისთვის წარდგენილი სკანდალური სიის წევრი. იგი ერთხელ უკვე იყო იუსტიციის საბჭოს წევრი. მან თავისი კანდიდატურა მოხსნა საბჭოს მდივნობის კანდიდატობიდან ლევან მურუსიძის სასარგებლოდ. მისი საბჭოს წევრობის პერიოდში იუსტიციის საბჭო აწარმოებდა მოკვლევას სასამართლოდან გაჟონილი საგამოცდო ტესტების შესახებ. როგორც ამ მოკვლევის, ისე გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. ამასთან, მოსამართლის ძმა, ლაშა სილაგაძე, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილისსხვადასხვა კომპანიასთან, რომელთაგან სამის იურიდიული მისამართი ემთხვევა ბანკი „ქართუს“ ოფისისმისამართს (ჭავჭავაძის 39ა); ასევე, მას კავშირი აქვს ივანიშვილის გარემოცვის ახლო წევრებთანაც.[3]

მოსამართლეთა კონფერენციის შედეგი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმას, რომ სასამართლო სისტემას აკონტროლებს პირთა ერთი ჯგუფი - კლანი, რომელიც ცდილობს შიდა საკადრო გადაადგილებები განახორციელოს ისეთ ვითარებაში, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი ყურადღება, ხოლო მეორე მხრივ, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე განაწესოს პირები კლანისადმი ერთგულების ნიშნით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მოსამართლეთა მხრიდან ქალთა თანამდებობებისადმი ხელმისაწვდომობის საკითხის მიმართ დამოკიდებულება. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საბჭოს კიდევ ორი კაცი წევრი დაემატა. შედეგად, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ 7 მოსამართლე წევრს შორის მხოლოდ ერთი ქალი წევრი დარჩა. სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს ქალი თავმჯდომარე და ქალთა უმრავლესობით დაკომპლექტებული მოსამართლეთა კორპუსი გულგრილი აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართაც.

საზოგადოებას შევახსენებთ რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა. სანდო, თანამედროვე, დასავლური ღირებულებების მქონე  მართლმსაჯულების არ არსებობა არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისის მთავარი მიზეზი. სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების გარეშე შეუძლებელი იქნება მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა, ქვეყანაში სამართლებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი მშვიდობის დამკვიდრება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ამის შესახებ არაერთგზის მოგვიწოდეს  ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმაც.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მოუწოდებს საზოგადოებას ამ მიმართულებით აქტიურობისკენ. ქვეყანაში სამართლებრივი სიმშვიდის დასამყარებლად, პოლარიზაციის და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ყველა პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი, აკადემიური სფეროს წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს გავლენიანი ჯგუფის მმართველობისგან მართლმსაჯულების გათავისუფლების იდეის ირგვლივ. მათი ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა  შესაბამისი მექანიზმების შემუშავებასა და ხელისუფლებისგან მათი განხორციელების მოთხოვნის გეგმაზე.

 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.   

 

ჯგუფის წევრები არიან:

 

 

  1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
  2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
  3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)
  4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
  5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).
  6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
  7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
  8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
  9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)
  10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
  11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).
  12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
  15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).
  16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი,ყოფილი მოსამართლე)
  17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).
  19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).
  21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).

 

 

[1] „გიორგი გოგინაშვილი, მელიას საქმის მოსამართლე და მისი მოსამართლე მეგობრები“, 24.02.2021https://akhalitaoba.ge/2021/02/giorgi-goginashvili-melias-saqmis-mosamarthle-da-misi-mosamarthle-megobrebi/

[2] საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის 2019 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება N7 „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის არჩევის თაობაზე“ http://dcj.court.ge/uploads/dadgenilebebi/dadgenileba7goginashvili.pdf

 

[3] ღია საზოგადოების ფონდის კვლევა (გვ. 22) https://osgf.ge/wp-content/uploads/2019/09/13_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90.pdf