D E M O C R A C Y   I N D E X

პარლამენტის მიერ სიძულვილის ენის რეგულირება ზიანს მოუტანს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს
2021-10-13

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სწრაფად -  წარდგენიდან 4 დღეში განიხილა და მოიწონა კომპანია „ალმას“ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვას. საკანონმდებლო წინადადებაზე კომიტეტის ასეთი ნაჩქარევი რეაგირება, ასევე, თავად წინადადების შინაარსი, აჩენს ეჭვს, რომ ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციის შეზღუდვისა და ძალაუფლების განმტკიცება-შენარჩუნების მიზანს ემსახურება.

სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების დაგვიანებული განხილვების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო წინადადების მექანიზმი არ გამოიყენება მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტიან ინსტრუმენტად. მაგალითად, 2020 წლის საშემოდგომო სესიაზე კომიტეტებს არც ერთი საკანონმდებლო წინადადება არ განუხილავთ. საგაზაფხულო და რიგგარეშე სესიებზე დარეგისტრირებული 54 საკანონმდებლო წინადადებიდან კი 21 იქნა განხილული და ამათგან, მხოლოდ სამი მოწონებული. შესაბამისად, კომპანია „ალმას“ წინადადებისგან განსხვავებით, საკანონმდებლო წინადადებების უმეტესობა, განხილვის შემთხვევაშიც კი, არ იღებს კანონპროექტის სახეს. ამჯერად, კომპანია „ალმას“ წინადადება კომიტეტმა ოთხი დღის ვადაში განიხილა და გადაწყვიტა საარჩევნო და სხვა საკანონმდებლო აქტებში[1] ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტების მომზადება, რომლითაც უნდა აიკრძალოს პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება.

პოლიტიკურ სივრცეში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა დაასუსტებს ოპოზიციას, და სიძულვილის ენის აკრძალვაზე აპელირებით, ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას არასათანადო გავლენა და კონტროლი იქონიოს როგორც საარჩევნო, ისე მთლიანად პოლიტიკურ გარემოზე.

ამასთან, კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატების განცხადებებმაც ცხადჰყო, რომსიძულვილის ენის რეგულირების განზრახვას აქვს პოლიტიკური მიზანი, რადგანაც ის რეგულირება გავრცელდება უპირატესად პოლიტიკურ სივრცესა და წინასაარჩევნო კამპანიაზე. დეპუტატები ინიციატივის მხარდაჭერისას სწორედ პოლიტიკური ოპონენტების განცხადებებზე აკეთებდნენ აქცენტს.

შემოთავაზებული წინადადებით, სიძულვილის ენის რეგულირების მიზანი არ არის მიმართული სიძულვილის ენისაგან რეალური დაცვის ობიექტებისაკენ, როგორებიცაა ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური, თუ სხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფები. ევროპის საბჭოს დეფინიციის თანახმად სიძულვილის ენა მოიცავს „გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ სიძულვილს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმსა თუ სიძულვილის სხვა ფორმებს შეუწყნარებლობის საფუძველზე, აგრესიული ნაციონალიზმითა და ეთნოცენტრიზმით გამოხატული შეუწყნარებლობის, უმცირესობების, მიგრანტების და იმიგრანტული წარმოშობის მქონე ხალხის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის და მტრული დამოკიდებულების ჩათვლით“.[2] ამდენად, სიძულვილის ენის შემოთავაზებული რეგულაცია მკაფიოდ სცდება სიძულვილის ენის საერთაშორისოდ აღიარებულ დეფინიციასა და მისი გამოყენების სივრცეს.

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს სიძულვილის ენის რეგულირების გადაწყვეტილება.

 

 

 

 

[1] პარლამენტის ვებ. გვერდი https://info.parliament.ge/#law-drafting/22870  [08.10.2021]

[2] Council of Europe, Recommendation No. R (97) 20 of the Committee of Ministers to member states on “hate speech”Recommendation No. R (97) 20 of the Committee of Ministers to member states on “hate speech” https://bit.ly/3akasgA [08.10.2021]