D E M O C R A C Y   I N D E X

პარლამენტში კვლავ დაფიქსირდა პოლიტიკური კორუფციის ნიშნები
2021-07-13

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენას საპარლამენტო ოპოზიციის ორი სუბიექტისთვის - „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ და „გირჩი“ - შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს.

ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, რომელიც მათ მოქმედი კანონმდებლობით არ ეკუთვნით. საბიუჯეტო თანხებს მიიღებენ: პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ – 497 406 ლარის ოდენობით და პარტია „გირჩი“ – 777 990 ლარის ოდენობით.[1]

2020 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომ აღნიშნულმა პარტიებმა ბოიკოტის საფუძველზე უარი განაცხადეს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე. მოქმედი კანონმდებლობით მათ დაფინანსების აღდგენა შეუძლიათ მხოლოდ 2022 წლიდან. [2] კანონპროექტის მიხედვით, ზემოთ დასახელებულ პარტიებს, ნაცვლად 2022 წლისა, 2021 წლის 1-ლი აგვისტოდან  შეეძლებათ აღიდგინონ საბიუჯეტო დაფინანსება.[3]

კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის დასაბუთებული თუ რა ობიექტურმა გარემოებამ განაპირობა ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის დაფინანსების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულზე 5 თვით ადრე გადაცემა.[4] ინიციატივა შეიცავს პოლიტიკური კორუფციის რისკებს, რადგან დაფინანსების მიღება უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდს და ხოციელდება მმართველი პოლიტიკური ძალის ინიციატივით. იკვეთება პარტიებს შორის წინასაარჩევნოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ვიწრო პარტიული ინტერესებით გამოყენების მიზნით გარიგების ნიშნები. პოლიტიკური კორუფციის დროს, კორუფციაში ჩართულნი არიან პოლიტიკური თანამდებობების პირები, რომლებიც საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების შესაბამისად იღებენ ან აღასრულებენ კანონმდებლობას.[5] მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებული რეგულაციები პოლიტიკოსების მიერ გამოიყენება მსგავსი ტიპის გარიგებებისთვის.[6]

მმართველი პარტიის ბოლო დროინდელი ინიციატივები, გაჯერებულია სავარაუდოდ წინასაარჩევნო მიზნებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებებით. ამ ფონზე საარჩევნო კოდექსის მიზანი საბიუჯეტო სახსრები არ იქნას გამოყენებული არჩევნებამდე ნებისმიერი შეღავათის გაცემის მიზნით,[7] შესაძლოა არ სრულდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც  უმრავლესობის დეპუტატები და კანონპროექტის ადრესატი პარტიების წარმომადგენლები შემჩნეულნი არიან სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის რისკების შემცველ საქმიანობაში.[8]

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. საბიუჯეტო რესურსების პარტიული მიზნებით გამოყენება ბუნდოვანს ხდის ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.

 

[1] განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,07-3/93/10, გვ. 3-4. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/277280? [14:30 08.07.2021]

[2] იქვე. აგრეთვე, ორგანულ კანონში 2021 წლის 22 ივნისს შეტანილი ცვლილებების მეორე მუხლის თანახმად, აღნიშნული დაფინანსება მათ ავტომატურად აღუდგებათ 2022 წლიდან. https://matsne.gov.ge/ka/document/view/5194833?publication=0 [14:51 08.07.2021]

[3]„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პირველი მუხლი, 07-3/93/10. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/277281? [14:30 08.07.2021]

[4] Supra 2, გვ. 1.

[5] Transparency International, Political Corruption, Topic Guide, 2014, გვ. 4. ხელმისაწვდომია https://bit.ly/36dALTP  [21:52 25.01.2021]

[6] International IDEA, Funding of Political Parties and Election Campaigns A Handbook on Political Finance, 2014, გვ. 208-209. https://bit.ly/3yBIl6t [17:48 08.07.2021]

[7] საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მეოთხე ნაწილი.

[8] აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ განცხადება, 26.01.2021, უმრავლესობა ცდილობსშექმნას პარლამენტში ძლიერი ოპოზიციის არსებობის ილუზია და საპარლამენტო თანამდებობებით დაასაჩუქროსოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ უერთდება ბოიკოტს და აგრძელებს პარლამენტში საქმიანობას.https://democracyindex.ge/ge/news/read/78/politikuri-korufciis-nishnebi-saqartvelos-parlamentshi