D E M O C R A C Y   I N D E X

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველია
2021-07-05

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის დღეს გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია მოქალაქეთა ძირითადი უფლებების დარღვევა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის და შსს-ს განცხადებები მიუთითებს მათ მიერ სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პოლიტიკისგან გადახვევას, რითაც მთავრობა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უნდა დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და დაიწყოს უნდობლობის პროცედურა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკისგან გადახვევის შემთხვევაში იგი შეიძლება უნდობლობას დაექვემდებაროს, რაც მთავრობის გადაყენების საფუძველია.  

მთავრობა ვალდებულია განუხრელად ემსახუროს კონსტიტუციას და პარლამენტის მიერ მიღებულ პოლიტიკურ კურსს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განახლებული სამთავრობო კაბინეტით წარსდგა პარლამენტის წინაშე და 22 თებერვალს მიიღო მხარდაჭერა სამთავრობო პროგრამით, რომელიც მოიცავდა შემდეგს:

- ქმედითი ღონისძიებების გატარების გაგრძელება თანასწორობის უფლების რეალიზებისთვის, ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად;[1]

- ევროკავშირში სრულყოფილ ინტეგრაცია, ხოლო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება[2].

სამთავრობო პროგრამა იმეორებს კონსტიტუციის ძირითად დებულებას, რომელიც განამტკიცებს თანასწორობას, როგორც ადამიანის წარუვალ უფლებას[3]. ძირითადი კანონი, აგრეთვე, ავალებს კონსტიტუციურ ორგანოებს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.[4]

პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის მიერ დღეს გავრცელებულმა განცხადებებმა ცხადყო, რომ მთავრობამ გადაუხვია პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. მიმდინარე მოვლენებმა გამოკვეთა წყვეტა 2021 – 2024 წლების სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით: „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და მთავრობის მოქმედებებს შორის, რაც გამოიხატა შემდეგში:

- პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების[5] უდიდესი ნაწილი ეთმობოდა ქვეყანაში არსებულ ტრადიციებზე და წესებზე საუბარს. მისი აზრით, უმცირესობა უნდა დაექვემდებაროს უმრავლესობის ნებას და მათ შორის დაპირისპირების ასარიდებლად პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს უნდა შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება. მან, ერთი მხრივ, გაუსვა ხაზი LGBTQ -ის უფლებათა დამცველებისა და მათი მოწინააღმდეგეების გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და დისკრიმინაციის მიუღებლობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მხოლოდ სექსუალურ უმცირესობათა უფლებათა დამცველებს მოუწოდა თავი შეიკავონ აღნიშნული კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისაგან და არ ჩაატარონ ე.წ. პრაიდი. მოწინააღმდეგე მხარეს იგივენაირად არ მოუწოდა თავის შეკავება და მხოლოდ შემოიფარგლა ძალადობისგან თავის შეკავებაზე ზოგადი ხაზგასმით. პრემიერ-მინისტრმა დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მეორე მხარეს, რითაც ხელი შეუწყო ძალადობას, რამაც გამოიწვია სექსუალურ უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაცია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიუღებელია ამგვარი აქციის ჩატარება, რადგან, „როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე“ უფრო მეტად იწვევს ეს პროცესი დისკრიმინაციას. მთავრობის მეთაური გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და შეეცადა დაევიწროებინა კანონით განსაზღვრული გამოხატვის ფარგლები. შესაბამისად, პრემიერმა გადაუხვია საქართველოს კანონმდებლობითა და სამთავრობო პროგრამით პარლამენტის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას.

- შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადებაც[6] პრემიერ-მინისტრის რიტორიკის გაგრძელება იყო. სამინისტრომ, პასიური მოქმედებებით, ასევე, უარი თქვა საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე და მოუწოდა პრაიდის წევრებს უარი თქვან გამოხატვის უფლებით სარგებლობაზე. მოწინააღმდეგე მხარეთა მიმართ კი, მხოლოდ ძალადობისგან თავის შეკავების მოწოდებით შემოიფარგლა. პოლიციამ აღნიშნული განცხადებით წაახალისა მოძალადე ჯგუფების მიერ პრაიდის მხარდამჭერთა და სხვა პირთა მიმართ ძალადობა, რაც საბოლოოდ დამთავრდა მათ მიერ დისკრიმინაციული მოტივით სხვადასხვა ძალადობრივი ქმედების ჩადენით[7].

- ამასთან, პრემიერ-მინისტრმა და საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა დისკრიმინაციის მსხვერპლთა უკან დაინახეს მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის ინტერესები. ამით, კიდევ ერთხელ ხელი შეუწყვეს მათ მიმართ დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენას.

პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებით გაწყდა ლეგიტიმური კავშირი პარლამენტის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას, რომლის საფუძველზეც მათ მიენიჭათ ნდობა, და მათ ქმედებებს შორის. დაირღვა კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის წარუვალი ფასეულობები. გამომდინარე აქედან,  „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დააყენოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდის მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და გამოუცხადოს უნდობლობა კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

 

 

[1] სამთავრობო პროგრამა 2021 − 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, გვ. 16. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/269496? [15:11 05.07.2021]

[2] იქვე, გვ. 19.

[3] საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი.

[4] საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი.

[5] პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, https://www.facebook.com/GaribashviliOfficial/videos/1352175801843436 [16:05 05.07.2021]

[6] შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი,

[7] აღნიშნული გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ. მაგალითად, აქციის მონაწილეებმა დაარბიეს ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/radiotavisupleba/posts/10159636460407360 [16:40 05.07.2021]