D E M O C R A C Y   I N D E X

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეაჩეროს
2021-06-28

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაგრძელების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს აღნიშნული პროცესი შეაჩეროს.

დღეს, როდესაც ყველა საერთაშორისო პარტნიორი, სრულად ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებულია სასამართლოში ძირეული ცვლილებების საჭიროებაზე  და როდესაც 19 აპრილს ქართულმა ოცნებამ ამბიციური რეფორმების გატარების ვალდებულებაზე ხელის მოწერით ირიბად აღიარა სასამართლო სისტემაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები,  მიგვაჩნია, რომ შეთანხმების ტექსტის საწინააღმდეგოდ, მისი ცალკეული პუნქტების განმარტებაზე ქართული ოცნების სპეკულაციები სრულიად უსაგნოა.

2019-21 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესმა წარმოაჩინა, რომ არც იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არც საქართველოს პარლამენტი არ წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი და არაკვალიფიციური კადრების დანიშვნის შემაკავებელ ფილტრს. აღნიშნულზე არაერთი კვლევა, მათ შორის თავად მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებიც მეტყველებს[1]

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესში ბოლო ცვლილებები 19 აპირილის შეთანხმების დადებამდე ცოტა ხნით ადრე, ნაჩქარევად და სრული რეფორმისგან განყენებულად იქნა შეტანილი; ის არ ითვალისწინებს პროცესის დეპოლიტიზირებისთვის საჭირო გარდაქმნებს, არამედ ფრაგმენტულად ცვლის მოსამართლეთა შერჩევის ზოგიერთ პროცედურას; შესაბამისად, ვერ ქმნის უზენაეს სასამართლოში პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების ნიშნით მოსამართლეთა დანიშვნის გარანტიებს. 

მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შეჩევის პროცესის შეჩერება აუცილებელია იმისთვის, რათა შემოღებულ იქნეს კანდიდატების კეთილსინდისიერების და კვალიფიკაციის შემოწმების დამოუკიდებელი მექანიზმი - სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიონალებისაგან და უცხოელი ექსპერტებისგან (უკრაინაში შექმნილი კომისიის დაახლოებითი ანალოგი - (Public Integrity Council).  

ასევე საყურადღებოა მოსაზრება, რომ შეიცვალოს  მოსამართლის დასანიშნად გადაწყვეტილების მიღების წესი და გადაწყვეტილება მიღებული იქნას იუსტიციის უმაღლეს  საბჭოში არამოსამართლე წევრების ხოლო პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობით[2].

მმართველი პარტიის არგუმენტი, რომ მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება გამოიწვევს კონსტიტუციის დარღვევას ან სასამართლო სისტემის კოლაფსს, შეუსაბამო არგუმენტია და ვერ ამართლებს მოსამართლეთა დაუყოვნებლივ დანიშვნას:

- 2016-2019 წლებში, როდესაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნის საკითხი პარლამენტმა სამი წლის განმავლობაში არც კი განიხილა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა არ აღემატებოდა 13, ხოლო დღეს უზენაეს სასამართლოში 19 მოსამართლეა.

- საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში მოყვანილი სტატისტიკა ადასტურებს, რომ 2019 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის ღია პროცესით დანიშვნის მიუხედავად საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა უფრო მწვავედ დადგა 2020 წელს, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ მოსამართლეების დანიშვნით ვერ გვარდება საქმეთა გაჭიანურების პრობლემა.[3]    

გვიჩნდება განცდა, რომ ხელისუფლება იქცა სასამართლოში გაბატონებული გავლენიანი ჯგუფის მძევლად და მოქმედებს მხოლოდ მისი ინტერესებით; სასამართლოს ავტონომიურობასთან აიგივებს სასამართლო ხელისუფლების მიტაცებას იმავე ჯგუფის მიერ, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლამდე მართავდა სასამართლოს და ორგანიზებას უკეთებდა იმ „მილიონ ცუდ საქმეს“, რაზეც ასე გაბედულად საუბრობენ ქართული ოცნების ლიდერები.

მივიჩნევთ, რომ პირველ რიგში აუცილებელია სასამართლოში კლანური მმართველობის შეფასება და დემონტაჟი, რითაც ერთი მხრივ, სასამართლო გათავისუფლდება სისტემური მორჩილებისგან და მეორე მხრივ, მომავალ ხელისუფლებას აღარ ექნება შესაძლებლობა პოლიტიკურად აკონტროლოს სასამართლო. მხოლოდ ამის შემდეგ, ხელახლა უნდა ჩატარდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი, სრულად განახლებული პროცედურებით.   

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს იმოქმედოს საზოგადოების და მართლმსაჯულების ინტერესებით და დაუყოვნებლივ:

- შექმნას სასამართლოს ამბიციურ რეფორმებზე სამუშაო ჯგუფი ოპოზიციის, საზოგადოების და ექსპერტების ფართო ჩართულობით;

- შესწავლილ იქნას და შეფასდეს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა ყველა მისი შედეგებით და გამოვლინების ფორმებით;

- შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო სისტემაში არსებითი ცვლილების განხორციელებამდე.

 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით

 

[1] იხ. კახი კალაძე უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულ მოსამართლეებზე: მათ შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა https://ipress.ge/new/kaladze-uzenaesi-sasamarthlos-akhladarcheul-mosamarthleebze-aris-ramdenime-odiozuri-phigura/?fbclid=IwAR36gdaWdfoDCkL9bdGdp9uo38KIjyUyt2vPyLVPNDmQWlMkzNVm_8OoPuA; იხ. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი/კონსტიტუციის 42-ე მუხლი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების ანალიზი, 2019. კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის: უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასება - http://www.coalition.ge/files/uzenaesi_sasamarthlos_mosamarthleobis_kandidattha_shefaseba.pdf ; იხ. აგრეთვე კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს, http://coalition.ge/index.php?article_id=257&clang=0

[2] იხ. კოალიცია დამოუკიდებელი  და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, სასამართლო რეფორმის ახალი პერსპექტივა http://coalition.ge/index.php?article_id=256&clang=0

[3] ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის  და 2019 წლის ანგარიშების თანახმად 2020 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ განხილული საქმეების 25.5% კანონით დადგენილი ვადის დარღვევით იქნა განხილული, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 5.1% იყო (ციტატები: „უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2020 წელს განხილული 1176 საჩივრიდან განხილვა გაჭიანურდა 300 საჩივარზე“ (2020 წელს გაჭიანურდა განხილულ საქმეთა 25%); „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2019 წელს განხილული 502 საჩივრიდან კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით დასრულდა 26 საქმის განხილვა“ (2019 წელს გაჭიანურდა განხილულ საქმეთა 5%). ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში, გვ. 136 „განხილვის ვადები,“ https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040110573948397.pdf ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში, გვ. 149 „5.4. საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება.“