სიახლეები

2023.04.18

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს ხვალინდელ სხდომაზე გამოცხადდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქმედი მოსამართლეების - მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს სასამართლოს თავმჯდომარის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობები, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
სამოქალაქო სექტორი წლებია მიუთითებს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანის არსებობას, რომელიც როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მართავდა სასამართლო სისტემას, უკანონოდ ერეოდა მართლმსაჯულების განხორციელებაში და ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში სწორედ ამ ჯგუფის ყოფილი და მოქმედი ლიდერებია ჩამოთვლილი.
აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ სანქციების გამოყენება არ მომხდარა ნაჩქარევად ან საფუძვლის გარეშე. წლების განმავლობაში დაგროვდა უამრავი ფაქტი და მტკიცებულება რომელიც მოსამართლეთა ამ ჯგუფის მიერ სამართალდარღვევების, მათ შორის, კორუფციული დარღვევების ჩადენაზე მეტყველებს. მტკიცებულებებს შორისაა ყოფილი მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძის, ანა ღელეყვას, ნათია ქუთათელაძის, ლალი ლაზარაშვილის, ნუნუ ნემსიწვერიძის, თამაზ ჯალიაშვილის, ირაკლი შავაძის მიერ საჯაროდ გახმაურებული ფაქტები, ასევე, სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის შესახებ ჟურნალისტური გამოძიებები. აღიარებითი შინაარსისაა ზოგიერთი სხვა მოსამართლის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რაც ასევე გამოძიებას საჭიროებს.
კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის, არაჯეროვანი ზეგავლენების და მათი მასშტაბების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დარჩეს გამოუძიებელი. აღნიშნულ დარღვევებზე რეაგირების ერთადერთ გზად საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მიგვაჩნია. ასეთი კომისიის შექმნა ასევე მმართველი გუნდის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რათა სასამართლო სისტემის მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილ კითხვებს გაეცეს პასუხი.
ამადროულად, შეგახსენებთ რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპასთან ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა, ხოლო კორუფციის გამოძიება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე:
  • მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ყველა წევრს გამოცხადდნენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მხარი დაუჭირონ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.
  • ვაცხადებთ მზაობას ვითანამშრომლოთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.
ჯგუფის წევრები არიან:
1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).
6. ლევან თოთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)
10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).
12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).
16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)
17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).
19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).
21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).